სვანეთში დატირებული პრაღის მერი და ქართული ნარკოპოლიტიკა

პრაღაში ვარ, ჩემს საყვარელ ქალაქში. ბოსტნეულის ჯიხურებში მარიხუანას ჩაი იყიდება, საბაყლოებში კანაბისის სპირტიანი ნაყენი. არც ერთზე დგას რიგი და არც მეორეზე. აჟიოტაჟი არ არის, დახლზე გამოტანილი კანაბისის პროდუქტები მშვიდად იმტვერება, ქვეყანა არ ინგრევა, არც „ერის გენოციდზე“ ლაპარაკობს ვინმე. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დეკრიმინალიზებულია – შარდის ანალიზით გამოვლენილი ინტოქსიკაციის მდგომარეობა და პირადი მოხმარების მიზნით შენახული ულუფა, ჩვენგან განსხვავებით, აღარ ხდება სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი. ეს ჩემი კოლეგების, ჩეხი ადიქტოლოგების დამსახურებაა. ადიქტოლოგია ადიქციის (დამოკიდებულების) შესახებ მეცნიერებაა.

უკანასკნელი 10 წლის მანძლზე ჩეხეთის რესპუბლიკამ კარდინალურად შეცვალა ნარკოპოლიტიკა – მოხდა კანონმდებლობისა და სტრატეგიების ლიბერალიზაცია, მოხმარების დეკრიმინალიზაცია, მარიხუანას სამედიცინო  მიზნით მოხმარების დაკანონება და ა.შ. შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის ნარკოვითარება. რეფორმის „ლოკომოტივი“ახალგაზრდა, მოტივირებული, კომპეტენტური ადიქტოლოგთა გუნდია. ხელისუფლება მათ აზრს ანგარიშს უწევს. გუნდის ხელმძღვანელი, ახალგაზრდა პროფესორი ტომაშ ზაბრანსკი, ამჟამად ჩეხეთის პრემიერმინისტრის მრჩეველია. გუნდის ზოგიერთი წევრი კი პერიოდულად თავადაა ხელისუფლებაში – მაგალითად, პაველ ბემი; ეს მათ ქვეყნისს სასიკეთოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ლობირებაში ეხმარება.

პაველ ბემი 2010 წელს გავიცანი, ჩარლზის უნივერსიტეტში. იმ დროისათვის პრაღის მერი იყო. მოვიდა ქართველი ადიქტოლოგების დელეგაციისთვის ნარკოპოლიტიკაზე ლექციის წასაკითხად. საუბრისას ვერ მალავდა, თუ როგორ ეამაყებოდა ჩეხეთში განხორციელებული ცვლილებები. პატარა ტანის, ხმელ-ხმელი, დაკუნთული, ხავერდოვანი ჩახლეჩილი ხმით, ზღარბივით ხშირი და უხეში მოკლედ შეკრეჭილი ხორბლისფერი თმით, ბემი სანდომიანი და კომპეტენტური მოსაუბრე აღმოჩნდა. ორი წლის მერე, 2012-ის გაზაფხულზე, თბილისში ადიქტოლოგიურ კონფერენციას რომ ვგეგმავდით, საკვანძო მომხსენებლად სწორედ ის დავპატიჟეთ. მაგ დროისთვის უკვე ჩეხეთის პარლამენტის წევრი იყო, უზომოდ დაკავებული, მაგრამ თავპატიჟის გარეშე დაგვთანხმდა.

კონფერენციაზე  მიზნად ვისახავდით ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისათვის სამეცნიერო მტკიცებულებებით დაგვესაბუთებინა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაციის აუცილებლობა და გარდუვალობა; დაგვენახვებინა, თუ რამდენად არაეფექტური, დესტრუქციული და ადამიანის უფლებების შემლახველია ქუჩის ნარკოტესტირება და ზოგადად – დამსჯელობითი ნარკოპოლიტიკა.

პრეზენტაციისას ბემმა ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესი მწვერვალზე ასვლას შეადარა, და უშბასა და შხარას ფოტოები მოიშველია. გავიფიქრე – როგორ მომზადებულა, თანაც, რა მეტაფორულად აზროვნებს, ყოჩაღ, ჩვენებს მხოლოდ უშბათი და შხარათი თუ დაარწმუნებ, თორემ ლოგიკური არგუმენტები უკვე გაცვდა და აღარ გვისმენენ.

საღამოს ჩემს კოლეგასა და მეგობარ დათო ოთიაშვილთან ერთად, მადლიერების ნიშნად, ბემი რესტორანში წავიყვანეთ. მან – ნუ მიხდით მადლობებს, საქართველოს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია, მეკუთვნის აქ საქმის კეთებაო. სამი საკვანძო ეგზისტენციალური გამოცდილებიდან – პირველი სიყვარული, სიკვდილი და დაბადება -სამივე საქართველოში მაქვს განცდილიო. თანაც, სვანეთში ოჯახი მყავს – მამობილი, დედობილი და ძმადნაფიცები; ისეთი ამბავი გვაქვს ერთად გამოვლილი, მაგათზე ახლობელი არავინ მეგულება, თუმცა, რაც პოლიტიკური კარიერა დავიწყე, წლებია, ვეღარ მოვინახულეო.

თურმე, 90-იანებში, პაველი საქარველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა მთაში სასიარულოდ; უშბაზეც არის ნამყოფი და შხარაზეც. უშბიდან რომ ეშვებოდნენ (სამ სვან ძმადნაფიცთან ერთად), ამინდი შეიცვალა და ისეთი სირთულეები შეხვდათ, რომ რაღაც მომენტში გადარჩენის იმედი დაუკარგიათ. მაინც მოახერხეს ჩამოსვლა – ეხლაც არ ვიცი, როგორ ჩამოვედით, ალბათ ღმერთმა გვიშველაო.  უშბიდან ჩამოსულები, სოფლის ცენტრს რომ მიუახლოვდნენ, დაინახეს, რომ ხალხი გარეთ იყო გამოფენილი და ვიღაცას გლოვობდა, სვანური დატირებით. „ძალიან შევშფოთდით – ვიფიქრეთ, სანამ წასულები ვიყავით, ვიღაც დაიღუპა… რომ მივუახლოვდით თვალით დასანახ მანძილზე, უეცრად სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. მერე, ხალხმა იხუვლა – ცოცხლები ყოფილანო, შემოგვესია, ხელებით გვსინჯავდა, ტირილითა და სიცილით გულში გვიკრავდა… ჩვენ დაგვტიროდნენ, ეგონათ დავიღუპეთ… ხოდა, ასე დავესწარი ჩემს საკუთარ გასვენებას და ფაქტობრივად, ხელმეორედ დავიბადე“.

იმ ღამეს ბემი პრაღაში გადაფრინდა. კონფერენციის მეორე დღე  ჩვენ ძალიან დატვირთული გვქონდა. შუადღეზე დათოს მისი ორგანიზაციის, „ალტერნატივა-ჯორჯიას“ თანამშრომელმა დაურეკა: ოფისში სვანები მოვიდნენ, პაველ ბემის ნახვას ითხოვენ – გუშინ ტელევიზიით შევიტყვეთ, „ალტერნატივა ჯორჯია“ მასპინძლობსო (იმ დღეს პაველს ბევრი ინტერვიუ ჩამოართვეს); გავიგეთ მისამართი, მის სანახავად ჩამოვედით, სანამ არ შეგვახვედრებთ, არ წავალთო… დათო ესაუბრა ტელეფონით, დაარწმუნა, რომ ბემი უკვე წასული იყო; გამოართვა კოორდინატები და მტკიცედ დაპირდა, რომ შემდეგ ჯერზე აუცილებლად შეახვედრებდა.

შემდეგ წელს პაველი თავად ჩამოვიდა საქართველოში, მეუღლესთან ერთად, დაიქირავა მანქანა, მიუჯდა საჭეს და წავიდა სვანეთში. უკანა გზაზე კვლავ ადიქტოლოგიის საზაფხულო სკოლაში (ახლა უკვე კაჭრეთში) შემოგვიარა-გვინახულა. ძალიან კმაყოფილი იყო – მამობილიც ვნახე, დედობილიც, ძმადნაფიცებიც და ახლა აღარასოდეს დავკარგავთ ერთმანეთსო…

ასე რომ, არც პაველ ბემის მიერ ჩვენს ქვეყანაში ეგზისტენციალური გამოცდილების მიღების ამბავი დასრულებულა და არც საქართველოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა. ამასობაში, მოახლოვდა არჩევნები, და როგორც ოთხი წლის წინ, გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან კვლავ მიდის საუბარი მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე. განახორციელებენ კი ამას ისინი, ვინც ხელისუფლებაში მოვლენ?. და თუ განახორციელებენ, ეყოფათ კი სიბრძნე, რომ სრულფასოვანი რეფორმა განახორციელონ და არა ცვლილებათა იმიტაცია, როგორც აქამდე ხდება?..

Author: Jana

Psychologist

Leave a comment