რესტალინიზაცია საქართველოში და რუსეთში: “იპოვე განსხვავება!”

ჯანა ჯავახიშვილი

1. პარალელური პროცესები

რესტალინიზაცია საქართველოში რუსი წმინდანი მატრონასა და სტალინის ხატის ქართულ საკათედრო ტაძარში შემოსვენებით არ დაწყებულა. ეს პროცესი კრემლიდან დაფინანსებული „საზოგადოებრივი ორგანიზაციების“და  ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების, პრორუსული პოლიტიკური პარტიების ამოქმედებით, საყდრისის აფეთქებით, სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლების უსამართლო მოხსნებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებისგან გაუცხოებით, მიმდინარე საკადრო წმენდით, და საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ქვეყნის უსაფრთხოების დამაზარალებელი სხვა მსგავსი ქმედებებით დაიწყო და ახლაც გრძელდება. და ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ ქვეყანაში დესტალინიზაციას არ ჰქონია ადგილი და არ მიქცევია სათანადო ყურადღება.

დღეს ხშირად გავიგონებთ ხოლმე სოციალური ქსელებიდან – არ მაინტერესებს, რა ხდება რუსეთში, ჩვენს თავებს მივხედოთ. არადა, ბევრი რამ, რაც ჩვენთან ხდება და არ მოგვწონს, სწორედ რომ რუსული ჰიბრიდული ომის შედეგია. იმის ანალიზი, თუ რა ხდება რუსეთში ამ ჩვენი „პარალელური პროცესების“ უკეთ გაგების შესაძლებლობას იძლევა, რამდენადაც ამ პარალელურ პროცესებს ერთი და იგივე “შემოქმედი” ყავს. სწორედ ამიტომ, ეს ბლოგი რუსეთზეა.

ბლოგი ეყრდნობა სამეცნიერო სტატიას, სადაც გადმოცემულია დეტალური ანალიზი  (დაინტერესების შემთხვევაში, იხ. ვებგვერდზე: https://tidsskrift.dk/torture-journal/article/view/141714/186512?fbclid=IwAR1lKLOX6BSgq5GLZWstMcSiZ68ftO-RmLfIdY0tT3041JF2cnjcCijO1Uo).

2. მეორე მსოფლიო ომი – ცენტრალური თემა რუსულ პროპაგანდაში

2005 წლის აპრილში, რუსეთის ფედერაციის ასამბლეაზე წარმოთქმულ სიტყვაში (address) პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლა დაახასიათა, როგორც მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა, და მოუწოდა სხდომასა და უფრო ფართო რუსულ საზოგადოებას „ერის რეკონსოლიდაციისკენ“. მოგვიანებით, მან გააკეთა განმარტება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში 25 მილიონი რუსი ცხოვრობდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, და რომ მათთვის მტკივნეული იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს უცხო ქვეყანაში გაიღვიძეს. ამგვარად, პუტინის პოლიტიკურმა დღის წესრიგმა დაუფარავად მიიღო საბჭოთა/რუსული იმპერიის აღდგენისა და ყოფილი კოლონიების რეკოლონიზების გრძელვადიანი გეგმის ავთვისებიანი სახე.  

2013 წელს პუტინმა გამოსცა რუსეთის საჯარო სკოლებისთვის ისტორიის უნიფიცირებული სახელმძღვანელოს შექმნის ბრძანება, რომელიც დაეფუძნა საბჭოთა ნარატივს. განსაკუთრებული ადგილი სახელმძღვანელოში დაეთმო მეორე მსოფლიო ომს, ყირიმის საკითხის ჩათვლით.

რუსეთში ამოქმედებული უწყვეტი პროპაგანდის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე ბავშვები და ახალგაზრდები არიან. ამ მიზნით სახელმწიფო ე.წ. „პატრიოტულ აღზრდას“ იყენებს, რომელიც საბჭოთა „პატრიოტული აღზრდის“ მემკვიდრეა. იგი ეფუძნება „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა პატრიოტული განათლების ეროვნულ პროგრამას“, რომელიც 2001 წლიდან 5-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმების საშუალებით ხორციელდება.

„დიდი სამამულო ომი“ (როგორც საბჭოთა კავშირსა და რუსეთში მეორე მსოფლიო ომს უწოდებენ) პატრიოტული აღზრდის ეროვნული პროგრამის ცენტრალური თემაა. შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომზე ინფორმაციის გავრცელება ქვეყნის განათლების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.  

2015 წლიდან (მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავი) მოყოლებული, რუსეთის საბავშვო ბაღების ვებგვერდებზე შიქმნა სექციები, სადაც განთავსდა რეკომენდაციები მშობლებისთვის იმის თაობაზე, თუ რატომ და როგორ უნდა ესაუბრონ ისინი „დიდ სამამულო ომზე“ თავის სკოლამდელი ასაკის შვილებს (მაგალითისთვის, იხ. [1],[2]). მშობლებისთვის რეკომენდაციების გარდა, ამგვარი გვერდები ხშირად შეიცავს ნახატებს, სადაც აღბეჭდილია სხვადასხვა ბრძოლის სცენები, დაჭრილი ჯარისკაცები ჰოსპიტლებში, საბჭოთა ლიდერების – ლენინისა და სტალინის პორტრეტები და ა.შ.

ომში გამარჯვების 70-ე წლისთავისთვის, 2015 წელს, ბევრმა საბავშვო ბაღმა და სკოლამ ორგანიზება გაუწია „დიდ სამამულო ომზე“ სპექტაკლების დადგმას, სადაც ბავშვები და პედაგოგები ერთად თამაშობდნენ. ეს სპექტაკლები, ძირითადად, მიყვება მსგავს ნარატივს, რომელიც აღწერს ბედნიერ ცხოვრებას ომამდე, ფაშისტების თავდასხმას,  ბრძოლებს, დანაკლისს, და გამარჯვების ზეიმს. ამ სპექტაკლებში ხშირად თვალსაჩინოა ნეკროფილური აქცენტები – მაგ., ბავშვები თამაშობენ გარდაცვლილი მეომრების საფლავის ქვებს, დარბაზში მსხდომ მშობლებს გადასცემენ საკუთარი დაღუპვის წერილობით შეტყობინებებს და ა.შ.

„დიდ სამამულო ომთან“ დაკავშირებულ ღონისძიებებზე, ბავშვები, მათი მშობლები და მასწავლებლები წახალისებულები არიან გამოიყენონ/ჩაიცვან 1940-იანების სამხედრო ფორმის სტილის ტანსაცმელი და გამოიყენონ შესაბამისი სიმბოლიკა. ილუსტრაციისთვის, ქვევით გთავაზობთ ტამბოვში, 2015 წელს განხორციელებულ მოქალაქეთა მსვლელობას  (იხ. სურათი 1).

სურათი 1: ოჯახების სადღესასწაულო მსვლელობა ტამბოვში, მიხეილ კარასევის ფოტო[3],[4]

თანდათან, 1940-იანების სტილის საბავშვო სამხედრო უნიფორმა გახდა პოპულარული რუსეთის მოსახლეობაში. ზრდადი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რუსეთის ბაზარზე გაჩნდა ბავშვების სამხედრო ტანსაცმლის მაღაზიები (იხ. სურათი 2).

სურათი 2: ბავშვების სამხედრო ტანსაცმლის ერთ-ერთი ონლაინ მაღაზიის ფეისბუქ გვერდი “Modnyashky.ru”, 2019 წლის 11 იანვრის სარეკლამო პოსტი, https://www.facebook.com/1540548512709127/posts/1942179069212734/

2017 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გამოსცა ბრძანება, რომ თანამედროვე სამხედრო ფორმა რუსულ ჯარში შეცვლილიყო 1940-იანების სტილის სამხედრო ფორმით, რომელსაც რუსეთში „გამარჯვებულების უნიფორმას“ უწოდებენ (ყოველ შემთხვევაში, ასე უწოდებდნენ ამ ფორმას უკრაინაზე თავდასხმამდე).

3. რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც პროპაგანდისტი

რუსული მართლმადიდებელი ეკლესია თამაშობს მნიშვნელოვან როლს სამხედრო პროპაგანდაში. ამის ილუსტრაციად 2018 წელს აღმართული რუსული სამხედრო ტაძარიც გამოდგება. ამგვარი ეკლესიების შენების ტრადიცია რუსული კულტურის ნაწილია. თუმცა, საბჭოთა პერიოდში, გამომდინარე ათეიზმიდან, მეორე მსოფლიო ომის შესაბამისი ეკლესია არ აღმართულა. ამის გამოსასწორებლად, ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისთვის, აშენდა ე.წ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაძარი.

რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი (95 მეტრი) და ტევადი (იტევს 6,000 ადამიანს) მართლმადიდებლური ტაძარი. შენობის თითქმის თითოეული არქიტექტურული დეტალი სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია. მაგ., ძირითადი გუმბათის დიამტერი 19.45 მეტრია (რაც ომში გამარჯვების წელს ასიმბოლოვებს); ყველაზე მცირე გუმბათის დიამეტრი 14.18 მეტრია, რაც ომში გატარებული დღეების რაოდენობას შეესაბამება; ცენტრალური კიბეები მოპირკეთებულია გერმანული მარმარილოთი, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თანახმად, ასიმბოლოვებს გერმანელების დამარცხებას, ან როგორც შოიგუმ ტელეარხ „დოჟდის“ პირდაპირ ეთერში[5] განაცხადა – „გერმანელების გათელვას“.

წმინდანების ხატების პარალელურად,  ეკლესიაში განთავსებულია რუსი სამხედრო ლიდერებისა და მეომრების (ვისაც გმირებად განიხილავენ) პორტრეტები. გამარჯვების პარადის მოზაიკაზე იყო სტალინის პორტრეტიც, მაგრამ ამაზე არაერთმნიშვნელოვანი რეაქციების გამო იგი სამხედრო ეკლესიის კომლექსის მუზეუმში იქნა გადატანილი. ეკლესიის გახსნისას დაიკიდა, ასევე, პუტინისა და შოიგუს მოზაიკური პორტრეტები, მაგრამ იმ მიზეზით, რომ ეს ნაადრევია, პუტინმა ააღებინა ამ პორტრეტების მუდმივი ექსპოზიცია.

ეკლესიაში უხვადაა საბჭოთა სიმბოლოები, მაგალითად, კანონიზებული წითელი საბჭოთა დროშა ნამგალითა და უროთი და სხვ. საინტერესოა, რომ ტაძრის ცენტრალურ კედელზე განთავსებული დიდი ღვთისმშობლის ხატი კომპოზიციურად იმეორებს 1941 წლის ომის პროპაგანდისტულ პლაკატს „დედა სამშობლო გეძახის“, რომელიც მოსახლეობის საომრად მობილიზებისთვის იყო შექმნილი (იხ. სურათები 3 და 4).

სურათი 3: ღვთისმშობლის ხატი რუსული სამხედრო ეკლესიიდან https://foto.patriarchia.ru/news/velikoe-osvyashchenie-glavnogo-khrama-vooruzhennykh-sil-rossii-2020-06-14/

სურათი4: 1941 წელს მხატვარი ირაკლი თოიძის მიერ შექმინილი ომის პროპაგანდისტული პლაკატი “დედა სამშობლო გეძახის”

უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე მეორე მსოფლიო ომის თემა პუტინის ხელისუფლების მიერ აქტიურად იყო წინ წამოწეული სხვადასხვა დონესა და ფორმატში. მედია კონტენტის მნიშვნელოვანი ნაწილი – ტელეშოუების, ტელედებატების, სერიალების ჩათვლით, ეძღვნებოდა „დიდ სამამულო ომს“. ათასობით ისტორიკოსი იკვლევს მეორე მსოფლიო ომის ამა თუ იმ საკითხს, გარკვეული ბრძოლების მცირე დეტალებსაც კი. ამგვარ კონცეტრირებას მეორე მსოფლიო ომის თემაზე მოყვა უამრავი წიგნის პუბლიკაცია, კონფერენციები, სპექტაკლები. რუსული საზოგადოება მოცული გახდა ომის თემით.

პარალელურად, პუტინმა მოახდინა თანამედროვე გეოპოლიტიკური პროცესების იმგვარი ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთი მტრულ გარემოცვაშია, მას ემუქრება საფრთხე დასავლეთის მხრიდან, რაც მას, შეტევის გარდა, არ უტოვებს სხვა არჩევანს. მაგ., უკრაინაზე თავდასხმის დღეს, 24 თებერვალს, მედია მიმართვაში (speech), რომლითაც უკრაინაში შეჭრას ამართლებდა, მან თქვა: “ნატო სტაბილურად ფართოვდება, სამხედრო მანქანა მოძრაობს და უახლოვდება ჩვენს საზღვრებს… თქვენ და მე უბრალოდ არ დაგვრჩა რაიმე შესაძლებლობა დავიცვათ რუსეთი, ჩვენი ხალხი, გარდა ერთი შესაძლებლობისა, რომელიც ჩვენ იძლებული გავხდით, რომ დღეს გამოგვეყენებინა“.

გარე საფრთხეების იდენტიფიკაციასთან ერთად, პროპაგანდამ ასევე შექმნა „შიდა მტრებიც“ – ძირითადად, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და ორგანიზაციები. ამის იურიდიული საფუძველი ხელისუფლებას „უცხო ქვეყნის აგენტის“ კანონის მიღებამ მისცა. „უცხო ქვეყნის აგენტის“ კანონმდებლობა, ფაქტობრივად, იმეორებს სტალინის პერიოდში კაგებეს მიერ რეპრესიების გასამართლებლად ინსტრუმენტალიზებულ „ხალხის მტრის“ სტიგმას, და ქვეყანაში ისედაც სუსტი დემოკრატიის მოსაგუდად დაინერგა.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა განაპირობა ე.წ. „დროის კოლაფსი“ – ფსიქოანალიტიკოსი ვოლკანის მიერ აღწერილი მდგომარეობა, რომლის დროსაც გადაუმუშავებელი ტრავმული (ჩვენს შემთხვევაში – ტოტალიტარულ რეპრესიებთან და მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული) წარსული ცოცხლდება საზოგადოების ცნობიერებაში, აღიქმება როგორც აქტუალური რეალობა და განაპირობებს დესტრუქციულ სოციო-პოლიტიკურ დინამიკას.

4. „რუსსკი მირი“ და მისი ჩანერგვა

ერის მხსნელად საკუთარი თავის პოზიციონირებას პუტინისთვის პოლიტიკური სარგებელი მოაქვს. ამ იმიჯის შესანარჩუნებლად, ის მუდმივად ახდენს საზოგადოების თუ გარემომცველი სამყაროს ბინარულ დაყოფას „ცუდებად“ და „კარგებად“. „ცუდის“ ხატი პროეცირდება სხვადასხვა სუბიექტზე, რომელსაც პუტინი ებრძვის: ჩეჩნეთის მეორე ომი 2000 წელს, “ანტიტერორისტული ოპერაციები” ჩრდილოეთ კავკასიაში 2002-2006 წლებში, ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, ყირიმის ოკუპაცია 2014 წელს, სამხედრო კამპანია სირიაში 2015 წელს. ამ სუბიექტებთან ბრძოლაში გამარჯვებებს და ზოგადად, პუტინის აგრესიულ სამხედრო პოლიტიკას (მაგ., უკრაინაზე თავდასხმას 2022 წელს) თან ახლავს ამომრჩეველთა მხარდაჭერის ზრდა (Levada Center, 2022):

სურათი 5:  პუტინის მოწონების რეიტინგი (Levada Center, 2022)[6]

პუტინის, როგორც ერის მხსნელის იმიჯს „კვებავს“ ნარცისტული იდეოლოგია, რომელიც იღებს სათავეს მეოცე საუკუნის რუსეთის ფსევდოინტელექტუალების, განსაკუთრებით ლევ გუმილიოვის იდეებიდან. გუმილიოვის თანახმად რუსები არიან გენეტიკურად განსაკუთრებული, გააჩნიათ სპეციალური ენერგია (ე.წ. პასიონარობა), აქვთ განსხვავებული – ევრაზიული ცივილიზაცია, და მისია – შეცვალონ სამყარო და გადაარჩინონ სხვა “ქვეცივილიზაციები”. ეს იდეები რუსეთში განსაკუთრებით პოპულარული გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, მომავლის მიმართ მაღალი შფოთვის, ნაციონალური იდენტობის კრიზისისა და ეროვნული პროექტის არქონის პირობებში.

ფსევდოინტელექტუალების შემდგომმა თაობამ (ალესანდრ დუგინი, პიოტრ შჩედრავიცკი, ეფიმ ოსტროვსკი და სხვ.) გუმილიოვის თეორია იდეოლოგიად აქცია და შვა ე.წ. რუსული სამყაროს („რუსსკი მირ“) იდეოლოგემა, რომელსაც ეფუძნება პუტინის აგრესიული პოლიტიკა.

„რუსსკი მირს“ გააჩნია სამი განზომილება: კულტურულ-ცივილიზაციური, რომელიც ხაზს უსვამს „რუსულ ცივილიზაციას“ როგორც უნიკალურს და სხვა ცივილიზაციების გამაერთიანებელს; გეოპოლიტიკური, რომელიც ხაზს უსვამს ტერიტორიების კონტროლსა და გადანაწილებას; რელიგიური, რომელიც ხაზს უსვამს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს.

რუსეთი მოწოდებულია დაიცვას „რუსსკი მირი“ როგორც რუსეთის შიგნით, ასევე მის გარეთ, მაგალითად: სხვა ქვეყნებში მცხოვრები რუსი მიგრანტები, ყოფილი საბჭოთა მოქალაქეები, რუსულად მოლაპარაკე ეთნიკური უმცირესობები და ა. შ. ეს რუსეთს სხვა ქვეყნებზე „რუსსკი მირის დასაცავად“ თავდახსმის საბაბს აძლევს, რაც შესაბამისი კანონმდებლობით განმტკიცდა პუტინის მმართველობის პერიოდში.

ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ტერიტორიული პრეტენზიების გასამყარებლად, რუსეთი აფუძნებს ბევრ რუსულენოვან და ე.წ. კულტურულ ორგანიზაციას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოში), რათა იქ „რუსსკი მირი“ ჩანერგოს, ან გააცოცხლოს, რადგან ამ ქვეყნების ახალგაზრდა თაობები, უფრო ხშირად, არ საუბრობენ რუსულად.

დღევანდელი ინსტენსიური მიგრაცია რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დასავლური სანქციების თავიდან ასაცილებლად, მიუხედავად იმისა, რომ ხელიდან აცლის პუტინს პოტენციურ ჯარისკაცებს, „რუსსკი მირის“ სხვა ქვეყნებში ჩანერგვის კურსს შეესაბამება და ამდენად, არ აწყდება მისი მხრიდან წინააღმდეგობას.

5. ბოლოსიტყვაობა

ტოქსიკური პოლიტიკური რეჟიმები, განსაკუთრებით ტოტალიტარული რეჟიმები, საზოგადოებას ამწყვდევს ძალადობის სამკუთხედში, სადაც საზოგადოების ნაწილი რეჟიმის მსხვერპლია, ნაწილი აგრესორი, ხოლო ნაწილი კი გვერდიდან უყურებს ამ ძალადობას და დუმს, და ამდენად, მისი თანამონაწილე ხდება. ეს როლები ურთიერთმონაცვლეობს – მაგ., აგრესორი შესაძლოა მსხვერპლი გახდეს, როგორც ეს დაემართა სტალინის რეპრესიული რეჟიმის ბევრ წარმომადგენელს.

დესტრუქციული პოლიტიკური რეჟიმის დაშლის შემდგომ, ქვეყანაში მართლმსაჯულების პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ უზრუნველყოს პირობები, რომელთა დროსაც: აგრესორი აღიარებს თავის დანაშაულს(1); გვერდიდან მაყურებელი არა თუ უარყოფს მსხვერლის დაზარალებას (როგორც, მაგალითად, საქართველოში ხდება სტალინური რეპრესიებისა თუ მჟავანაძისა და შევარდნაძის პერიოდში დახვრეტილი მიტინგების შემთხვევებში), არამედ დაადასტურებს მას (2); მსხვერპლი მიიღებს მორალურ, მატერიალურ, პროცედურულ დაკმაყოფილებას (3). ამ საქმეში ლუსტრაციას უდიდესი როლი აქვს. ამავე დროს, უაღრესად მნიშვნელოვანია აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების ამოქმედება.

მაგრამ მხოლოდ მართლმსაჯულების პროცესი არ არის საკმარისი. წარსულთან გამკლავება გულისხმობს საზოგადოების ყველა წევრის მიერ გაზიარებულ პასუხისმგებლობას. წარსულის გააზრებაში უნდა მონაწილეობდნენ მეცნიერები, ხელოვანები, პედაგოგები, მოსახლეობის ყველა ფენა. მთავარია არ შეგვეშინდეს მოვლენებისთვის თავისი სახელების დარქმევისა, შეცდომების აღიარებისა, დამოუკიდებელი აზროვნებისა და ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ გავამრთელოთ საზოგადოება – სიძულვილისა და რევანშიზმის გარეშე. მთავარია, გამოვიტანოთ გაკვეთილები წარსულიდან. ამ პროცესში  ადამიანური და პროფესიული ეთიკური სტანდარტების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

წარსულის გადამუშავება არ არის ფუფუნება, ის აუციელებელია არა მხოლოდ ქვეყნის განვითარებისთვის, არამედ თვითგადარეჩნისთვის. წარსულთან გონიერი და ეთიკური გამკლავება მომავალში ამ წარსულით პოლიტიკური მანიპულაციის რისკს შეამცირებს, და დროის კოლაფსისა და წარსულის აწმყოში განმეორების საფრთხეს თავიდან აგვარიდებს.


[1] ქალაქ კუზნეცკის საბავშვო ბაღის ვებგვერდი “სკოლამდელებს ომზე: დიდი სამამულო ომი”,  https://ds-2-kuznetsk.nubex.ru/7650/7654/

[2] მოსკოვის 47-ე საბავშვო ბაღის ვებგვერდის სექცია მშობლებისთვის,  https://mou47.oshkole.ru/news/73358.html

[3] რუსული ტელეარხ რასიას რეპორტაჟი ტამბოვში განხორციელებულ ბავშვების სამხედრო ეტლების პარადზე (2015). წვდომა https://vestitambov.ru/new/v-gorodskom-parke-organizovali-parad-kolyasok/

[4] https://apostrophe.ua/news/society/2015-06-13/den-rossii-v-tambove-proshel-parad-detskih-voennyih-kolyasok/26818

[5] რუსული სამხედრო ტაძრის გახსნის გაშუქება ტელე-არხი „დოჟდის“ მიერ (რუსულად),https://www.youtube.com/watch?v=-zPBfB-Tneg&t=211s

[6] ლევადა ცენტრის ვებრგვერდი https://www.levada.ru/en/ratings/ წვდომა 30.09. 2023

სექტემბრის გაკვეთილები

(პირველად დაიბეჭდა 2012 წლის სექტემბერში, შემდეგ (ამჟამად გაუქმებულ) ვებგვერდზე: http://www.mzera.tv/news-headline-3/319-seqtembris-gakvetilebii-2)

“ტყავიცვალება” vs ფერიცვალება

სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველოში გავრცელებულია აზროვნების კლასიკური შეცდომა, რომელსაც დიქოტომიური აზროვნებისკენ მივყავართ: ”თუ სხვა ცუდია, ესე იგი მე კარგი ვარ”, ”თუ მე კარგი ვარ, ესე იგი სხვა ცუდია”. რეალურად კი, სხვისი სიცუდე არაფრით არ ნიშნავს ჩემს სიკარგეს, და პირიქით. ამ ორ დაშვებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა აზროვნების ქრესტომათიული შეცდომაა.

აღწერილი დიქოტომიური აზროვნება ქცევაშიც თვალსაჩინოდ გამოვლინდა ამ დღეებში: მაგალითად, ზუგდიდის ერთ-ერთ მიტინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა, ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად პარტიის მაისური გაიძრო და იქვე „ქართული ოცნების“ მაისური დემონსტრატიულად გადაიცვა. რა შეიცვალა?.. განა ნიშნავს მაისურის ცვლილება შინაგან ცვლილებას, ფერიცვალებას?.. თუ ეს გადაცმული მაისური დღევანდელი ქართული საზოგადოების ქცევის სიმბოლოა, გამოდის, ქართული საზოგადოება არ იზრდება – მხოლოდ “ტყავს იცვლის”?..

გვიშველის ერთი კარიდან გამოსვლა და უმალ მეორე კარში შესვლა? და რატომ უნდა შეხვიდე უმალ მეორე კარში, როცა ერთი კარიდან გამოდიხარ, დარჩი ცოტა ხანი შენს თავთან, გააანალიზე, თუ სად იყავი, რა დატოვე, რატომ, საით გინდა რომ იარო, რისთვის. ასე დაუფიქრებლად მეორე გაერთიანებაში შესვლა სიკეთეს არ მოუტანს არც ამ ადამიანსა და არც გაერთიანებას. ყოველ შემთხვევაში, სამოქალაქო ფასეულობებთან ამ საქციელს, სავარაუდოდ, არაფერი აქვს საერთო.

სამოქალაქო საზოგადოება

მინდა შევჩერდე სამოქალაქო საზოგადოებაზე, უფლებების დამცველებსა და განსაკუთრებით კი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უკანასკენლ წლებში პენიტენციურ სისტემაში სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებდით: თუ არ გავიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას იმაში, რაც მოხდა, არ გავაანალიზებთ, თუ რამდენად სწორი იყო ჩვენი ნახევრად-დუმილისა და სისტემასთან თანამშრომლობის სტრატეგია – ვშიშობ, რომ მომხდარიდან გაკვეთილს ვერ გამოვიტანთ.

სამოქალაქო სექტორმა ვერ შეძლო პენიტენციური სისტემის მონიტორინგის ეფექტური, დამოუკიდებელი სისტემის შექმნა-გატანა – ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვივიდა; ვცდილობდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ სხვადასხვა ანგარიშებითა თუ მოკრძალებული აქციებით პატიმართა უფლებებზე საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა; არც სახალხო დამცველის ოფისთან 2009 წელს შექმნილი წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი იყო საკმარისად ქმედითუნარიანი, და ა.შ.

ამ მარცხების პარალელურად, ვაგრძელებდით პენიტენციურ სისტემაში (მერვე საპყრობილის ჩათვლით) ადამიანის უფლებებზე დაყრდნობით პროექტების განხორციელებას – იქნებოდა ეს ციხის ექიმების ტრენინგი, ქალ პატიმართა ფსიქოლოგიური მომსახურება, არასრულწლოვანთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა თუ სხვა – და ამით, ფაქტობრივად, მანკიერ სისტემას ფასადის შესალამაზებლად ჩვენი გამოყენების საშუალება მივეცით.

წამება

წამება აღნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც პირს განზრახ მიადგება ძლიერი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი ან ტანჯვა იმ მიზნით, რათა მისგან ან მესამე პირისგან მოპოვებულ იქნას ნებისმიერი ინფორმაცია ან აღიარება, ასეთი პირი დაისაჯოს მის მიერ ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისა ან ამგვარ ქმედებაში ეჭვმიტანილობის გამო, მისი ან მესამე პირის დაშინების ან იძულების მიზნით, ან რაიმე სხვა მიზნით, რომელიც ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ემსახურება, თუ ასეთი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია სახელმწიფო თანამდებობის პირის ან ოფიციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვა პირის მიერ, ან ასეთი პირის წაქეზებით, თანხმობით ან გულგრილობით”.

გაეროს კონვენციაწამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა ან დასჯის წინააღდეგ

წამება უძველესი ფენომენია, რომელიც კაცობრიობას განვითარების გზაზე სირცხვილად მიჰყვება. საზოგადოებრივი ფორმაციები, პოლიტიკური სისტემები, თაობები ქრებიან და ცვლიან ერთმანეთს, წამება კი არ წყვეტს არსებობას და თანაც, დიდად არც იცვლება. დღევანდელ წამებასაც, როგორც ნანახმა სიუჟეტებმა დაგვიდასტურა, შუასაუკუნეების ელფერი და სუნი დაჰკრავს.

ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებით 20-ე საუკუნეში, წამება გააზრებულ იქნა ადამიანის უფლებების პრიზმაში, ანტიჰუმანურ ქმედებად. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–3 მუხლით: ”არავინ შეიძლება გახდეს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლი”. ამ მუხლით დაცული უფლება რაიმე შეზღუდვებსა და პირობებს არ ექვემდებარება, იგი ვრცელდება ნებისმიერ ადამიანზე, ნებისმიერ პირობებში. საქართველო მიერთებულია ამ კონვენციას, მოცემული მუხლი შესულია საქართველოს კონსტიტუციაში, მისი დარღვევა ისჯება ქართული კანონმდელობით.

მაგრამ კანონს აღსრულების მექანიზმები ესაჭიროება – დღევანდელმა მოვლენებმა დაგვანახვა, რომ ჩვენს ქვეყანაში წამების პრევენციისთვის ეს მექანიზმები არ არსებობს და შესაქმნელია, ისევე, როგორც დასანერგია წამების ფაქტების გამოვლინების შემდგომი სამართლებრივი და სარეაბილიტაციო პრაქტიკები.

 რატომ მაინცადამაინც პენიტენციურ სისტემაში?

ციხე/პენიტენციური სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევის, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის, წამებისა და შესაბამისად, სოციალური პათოლოგიის განვითარების მაღალი რისკის ზონაა. ეს შემდეგი მიზეზებით არის განპირობებული:

– პენიტენციურ/ციხის სიტუაციაში არსებულ ძალთა თანაფარდობა – მეციხოვნე და მასზე 100%-ით დამოკიდებული პატიმარი – მანიპულაციური და ძალადობრივი ურთიერთობების ერთგვარ წინაპირობას ქმნის. უკანასკნელ დღეებში ხშირად მოიხსენიებენ სოციალური ფსიქოლოგიის კლასიკოსის, ფილიპ ზიმბარდოს კვლევას: მან ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აჩვენა მსოფლიოს, რომ ჩვეულებრივი, სოციალურად უწყინარი ადამიანი, შესაძლოა ციხის სიტუაციაში მოძალადე გახდეს, გამომდინარე იმ როლიდან, რომელსაც მას ციხის სიტუაცია აკისრებს;

– თუ საპყრობილის შტატში სადისტური მიდრეკილებების მქონე ადამიანები ურევია, და/ან თუ მას სადისტური მიდრეკილებების მქონე პირი ხელმძღვანელობს, მაღალია რისკი, რომ პატიმრების მიმართ სადისტური ქცევა ციხის პერსონალში გაზიარებულ ნორმად იქცეს;

– კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც, ფაქტობრივად, კრავს ძალადობის წრედს – ეს სოციალური პათოლოგიის განვითარების ამ მაღალი რისკის დაწესებულების ჩაკეტვა – საზოგადოებრივ კონტროლს მიღმა მისი დატოვებაა.

ქართული პენიტენციური სისტემა ორიათასიანი წლების დასაწყისში ექვემდებარებოდა კონტროლს საზოგადოების მხრიდან: საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრებს 24 საათის განმავლობაში, გაუფრთხილებლად, ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ შესვლა და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. 2004 წლიდან ხელისუფლების ინიციატივით ახალი საბჭო შეიქმნა, დიდი ენთუზიაზმით დაიწყო მუშაობა, ორიოდე წელი გასტანა, მაგრამ თვალსა და ხელს შუა პენიტენციური სისტემა კვლავ ჩაიკეტა და მხოლოდ სახალხო დამცველს შეეძლო მისი მონიტორინგი.

ის, რომ ძალადობის მაღალი რისკის სისტემის ჩაკეტვა სავალალო შედეგებამდე მიიყვანდა თვით ამ სისტემასა და საზოგადოებას, აქსიომა იყო, რომლის იგნორირებაც მოხდა როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების და კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.

აქსიომები დამტკიცებას არ საჭიროებს. და, არ არსებობს „ნოუ-ჰაუ“ თუ რეფორმისტული მეთოდი, რომელიც ამ აქსიომებს ჩაანაცვლებს ან მათ უკუქცევას გამოიწვევს. მათ შორისაა:

– ციხე უნდა ექვემდებარებოდეს საზოგადოებრივ კონტროლს – სისტემის ღიაობა და საზოგადოებრივი მონიტორინგი სოციალური პათოლოგიის განვითარების ამ მაღალი რისკის სისტემას ადამიანის უფლებების დარღვევისგან იცავს;

– პენიტენციური სისტემის კონცეფცია შესაცველელია დამსჯელი ინსტიტუციიდან – მხოლოდ თავისუფლების კანონიერი აღკვეთის და, შესაძლებლობისამებრ, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშემწყობ დაწესებულებად; ეს პარადიგმული ცვლა გამოიწვევს სისტემის ჰუმანიზაციას და ცივილურ ღირებულებებზე ორიენტირებას – მოპყრობის მთელი პრაქტიკის ცვლილებით (რასაც ევროპულ ციხეებში ვხედავთ);

– უფრო შორს თუ გავიხედავთ (ან ფესვებში ჩავიხედავთ), პარლამენტი უნდა იყოს პარტიულად დივერსიფიცირებული და არა მონოპარტიული; როგორი კარგი, პროგრესული და კონსტრუქციულიც არ უნდა იყოს ხელისფულებაში მოსული ძალა, მონოპარტიულობისა და პოლიტიკური ოპონირების არარსებობის პირობებში იგი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამდე მიდის. უკანასკნელი წლების მანძილზე ჩვენ მოწმენი გავხდით, თუ როგორ გადაიქცა ახალგაზრდა, სამოქალაქო ფასეულობებზე გაზრდილ/ჩამოყალიბებული გუნდი საკუთარი თავის მიმართ უკრიტიკო, ხოლო ხალხის მიმართ – შეუწყნარებელ პოლიტიკურ კასტად;

– არ არსებობს ”იდეალური ხელისუფლება”, ”კეთილი მეფე”, მამა-მარჩენალი და გადამრჩენელი; არც ერთი პარტია არ არის ”წმინდათაწმინდა”; სამაგიეროდ, შესაძლებელია ბალანსი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის – რომელთა მიერ ერთმანეთის კონტროლი დაუსჯელობისა და განუსაზღვრელი ძალაუფლებით გარყვნის პრევენციას მოახდენს და თითოეული მათგანის მოქმედების გაუმჯობესებაში შეიტანს წვლილს. გავიდა დრო, როცა ქართული საზოგადოება ფიქრობდა: ”ზვიადი გადაგვარჩენს”, ”შევარდნაძე გადაგვარჩენს”, ”მიშა გადაგვარჩენს”; ვშიშობ, ამჟამად საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს: ”ბიძინა გადაგვარჩენს”, მაგრამ ამგვარ ”ქართულ ოცნებას” ისეთივე გაწბილება ელის, როგორც წარსულში ყველა დანარჩენ ლიდერში ”გადამრჩენელის” ძიებას. ამიტომ, არჩევნების წინაშე მდგარი ჩვენი საზოგადოების მიზანი, ჩემი აზრით, უნდა იყოს არა ”მედლის გადაბრუნება” (ერთი მმართველი პოლიტიკური ძალის მეორე მმართველი პოლიტიკური ძალით შეცვლა), არამედ პრალამენტის გამრავალფეროვნება.

და კვლავ ეთიკის დარღვევაზე: ადამიანური, პროფესიული, ჟურნალისტური, და ..

როგორც ტელესიუჟეტებში აქა-იქ გაჟღერებული ინფორმაციიდან ირკვევა, ვიდეო მასალის მომწოდებლებს მასალა მაისში უკვე ხელთ ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ წინასაარჩევნოდ გამოააშკარავეს, რათა, სავარაუდოდ, მასალის ჩვენების ხარჯზე პოლიტიკური დივიდენდები მოეპოვებინათ. ამის ცოდნა გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას მაძლევს მასალის გასაჯაროების ეგოცენტრულ/პოლიტიკურ მოტივებზე.

ქართულმა საზოგადოებამ გლდანის მე-8 საპყრობილეში წამების ფაქტების შესახებ არა მარტო გაიგო, არამედ დაინახა და გაიგონა და ამ ნანახმა და გაგონილმა ”აღაშფოთა და შოკში ჩააგდო”. თითქოს მოულოდნელი არაფერი უნდა ყოფილიყო: უკანასკნელ წლებში ბევრი რამ ხდებოდა ისეთი, რაც საქართველოს მოქალაქეებს ღირსებას ულახავდა; პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე წამებაზეც ბევრი ხმა დადიოდა, და საზოგადოება, შიშით თუ გულგრილობით, ვუყურებდით ამ ამბავს.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მატრავმირებელი სიუჟეტების ჩვენება მასობრივი საინფორმაციო საშუალებებებით არ არის მიზანშეწონილი, შესაძლოა, ამ სიუჟეტის ჩვენება ქართული საზოგადოებისთვის სწორედ ის ”შემოლაწუნება” იყო, რომელიც მას გამოაფხიზლებდა, შიშით, გულგრილობითა თუ სარგებლის მოტივით განპირობებულ სიჩუმეს დაარღვევინებდა და მიუხედავად მატრავმირებელი ზეგავლენისა, მთლიანობაში, სასარგებლო და კათარზისულიც კი იქნებოდა. არ ვარ დარწმუნებული იმაში, თუ რამდენად იქნა მიღწეული ეს კათარზისი – ყველაზე ხშირი მესიჯები, რაც მასმედიით გაისმის, კვლავაც – ”ისინი ცუდები, ჩვენ კარგები ვართ” -არის. მაგრამ, კიდევაც თუ იქნა მიღწეული საზოგადოების ნაწილის გამოფხიზლება, აქ შემდეგი კითხვა უნდა დავსვათ:

ვის ხარჯზე მოხდა ეს? გამოაშკარავებული სისასტიკის მსხვერპლნი ვიდეომასალაში ზოგი დაუფარავად იყო ნაჩვენები, და ბევრი – საცნობად. ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხრიდან პროფესიული ეთიკის უხეში დარღვევაა. ამ დარღვევის შედეგად, ვიდეოკადრებში ნაჩვენები პატიმრების პრობლემა არა მარტო გამოვლილი წამება, არამედ, აგრეთვე, ამ წამებისა (და შესაბამისად, მათი ღირსების ხელყოფის) გასაჯაროებაა. ეს მედია ეთიკისა და საერთოდ, ზოგადი ეთიკური ნორმების უხეში დაღვევაა.

კვლავ, ქართულმა მედიამ ეთერში გაუშვა ისეთი მასალა, რომლის ზემოქმედების ეფექტებზე (და ამდენად, ”არ ავნო” პრინციპის დაცვაზე) არც დაფიქრებულა. ან, დაფიქრებულა, მაგრამ სენსაციურობასა და პოლიტიკურ მიზნებს პროფესიული ეთიკა შესწირა. ან, თვითონ იმდენად ტრავმირებული იყო ნანახით, რომ საკუთარი თავი ვეღარ გააკონტროლა. არა აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით, მაგრამ სერიოზული ეთიკური დარღვევები მოხდა: პირველ ნაკადში გასულ კადრებში ერთერთ არხზე ჩანდა სექსუალური წამების მსხვერპლის სახე; დასახელებულ იქნა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც სექსუალური წამების შედეგად გარდაიცვლა; მთელ რიგ სხვა კადრებში სახეგამუქებული ადამიანები, მათი ხმები, ამოცნობადია. ეს კადრები დღეს პოლიტიკური სარეკლამო კლიპების ნაწილად იქცა, რაც უზნეო და აბსოლუტურად დაუშვებელია.

ერთერთ ტელეარხზე უკვე გაიჟღერა, რომ ერთერთი ნაწამები პატიმრის მამამ თეთრიწყაროს რაიონში ვიდეომასალის ტელევიზიით გადმოცემის შემდგომ თვითმკვლელობა სცადა. გადაცემაში ექსპერტები მსჯელობდნენ ქართველებისა და იაპონელების ღირსების კოდექსის მსგავსებაზე (მამამ თვითმკვლელობა ხარაკირის მსგავსი გზით სცადა); მაგრამ, არც ერთხელ არ ითქვა, რომ ჩვენი ტელეარხების მიერ ამ სიუჟეტების გამუდმებულმა ტირაჟირებამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი უბედურება დაატრიალოს, ვიდრე ეს ერთი თვითმკვლელობის მცდელობა. და ეს ერთიც უკვე საკმარისზე მეტია. ვშიშობ, ეს არ არის პირველი და უკანასკნელი ზიანი, რაც ვიდეომასალის ამ სახით გასაჯაროებამ გამოიწვია და კიდევ გამოიწვევს ნაწამებ ადამიანებსა და მათ ახლობლებში. აღარაფერს ვამბობ არასრულწლოვან აუდიტორიაზე, რომელთა ზრდა-ქმნადობა-განვითარების პროცესში მყოფი ფსიქიკისთვის ეს ვიდეო-ინფორმაცია უაღრესად მძიმე ტვირთია.

ამჟამად პენიტენციური სისტემის ახლადდანიშნული მინისტრი საუბრობს საჯაროდ ნაწამები პატიმრების ფსიქო-რეაბილიტაციაზე, რის გამოისობითაც პატიმრები, ყველა სხვა ”სიკეთესთან” ერთად, უკვე ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის პაციენტის როლშიც ”ჩავსვით”, რაც არანაკლებ სტიგმატიზებულია ჩვენს საზოგადოებაში, ვიდრე თვით პატიმრობა.

რასაკვირველია, უნდა მოხდეს ნაწამები ხალხის, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა (და ეს მედია-გასაჯაროების პრაქტიკის შეწყვეტასაც გულისხმობს), და შემდგომ უკვე მათთვის და მათი ოჯახებისთვის ადექვატური სამედიცინო და ფსიქო-სოციალური დახმარების აღმოჩენა; მაგრამ, არ არის აუცილებელი მკურნალობის ინდივიდუალური გეგმების საჯარო აღწერა.

ამ მასობრივი ისტერიის დამთავრების შემდგომ, ჩვენ, პრაქტიკულად, სამმაგად და ოთხმაგად სტიგმატიზებული ადამიანების საზოგადოებაში დაბრუნების ამოცანის წინაშე დავდგებით, და ვართ ამისთვის მზად?.. ვინ ამოუდგება მხარში ამ ადამიანებს? თუ, ისინი ”ერთჯერადი პოლიტიკური მოხმარების” ობიექტები არიან და ამით საზოგადოების მათდამი ინტერესი ამოწურულია?

აუცილებელია მათ არა მარტო ფსიქოლოგიურ, არამედ სამართლებრივ რეაბილიტაციაზე ზრუნვა, გამომდინარე იმ ზარალიდან, რაც მათ და მათ ოჯახებს სახელმწიფომ მიაყენა. პარალელურად, უნდა მოხდეს მათი დახმარების სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, კონფიდენციალობის პრინციპის სრული დაცვით, რამდენადაც შესაძლებელი იქნება ამ პრინციპის დაცვა მედიის მიერ შემთხვევების ტოტალური გასაჯაროვების ფონზე.

———

აი, ასეთია 2012 წლის სექტემბრის გაკვეთილები, და, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ როგორც მედიამ, ასევე მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ, თითოეულმა ჩვენგანმა, მათ გვერდი არ ავუაროთ. გვაქვს შანსი, არსებული კრიზისი გამოვიყენოთ არა რევანშისა და პროეცირებისთვის, არამედ ჩვენი პროფესიული, პიროვნული, ადამიანური, საზოგადოებრივი ზრდისთვის.

ჯანა ჯავახიშვილი

ფსიქოლოგი, „ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში

2012 წლის სექტემბერი, თბილისი

 

ჰელოვინი: არაფერი სატანური, ყველაფერი ადამიანური

ჰელოვინის დღესასწაულმა ორჯერ მომისწრო დასავლეთში – ერთხელ ჩემი დის ოჯახს ვსტუმრობდი ინგლისში და ვნახე როგორი ხალისით დადიოდნენ სამეზობლოში კარდაკარ ჩემი დისშვილი ვატო და მისი თანაკლასელები, დაწყებითი სკოლის მოსწავლეები. ზოგს მშობელიც ახლდა, თუმცა მშობლები ბავშვებზე ბევრად უფრო ნაკლები ენთუზიაზმით იყვნენ გამსჭვალულიკარდაკარ სიარულის მიმართ:). ამ ყველაფერმა ძალიან მომაგონა ჩვენი ბერიკაობა და ჭიაკოკონობა.

მეორედ, ჩიკაგოში მომისწრო ჰელოვინმა, 2007 წელს. მე და ჩემი კოლეგები იქ ნარკოტიკების პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციების გამოცდილებას ვსწავლობდით. სამი ჩვენგანი ჩიკაგოს საკმაოდ მდიდარ გარეუბანში, ერთი შეძლებული ქალბატონის ოჯახში ვცხოვრობდით. ჩიკაგოს ცენტრში, სადაც სამუშაოდ დავდიოდით, დიდი არაფერი შეცვალა ჰელოვინის მოახლოებამ. სამაგიეროდ, ოქტომბრის ერთერთ ცივ, ბნელ საღამოს, როდესაც სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდით, მოულოდნელობისაგან განგვაცვიფრა, ოდნავ შეგვზარა და თან გაგვამხიარულა სამეზობლოს მდიდრული სახლების წინა ეზოებში საშინელებათა დეკორაციების გაჩენამ: ჩონჩხები, გამოფატრული და შიგნიდან სანთლით განათელბული კბილებდაკრეჭილი გოგრები, ცულიანი სიკვდილის ფიგურები, ცოცხებიანი ჯადოქრები, მუნკის მოყვირალი პერსონაჟები და მოკლედ, რაც გინდა სულო და გულო. ეს ყველაფერი ჩვენი მასპინძლის კარის ზღურბლზე წამოჭიმულმა უშველებელმა (დაახლოებით ნიანგისხელა) ვირთხისა და გომბეშოს ფიგურებმა დააგვირგვინა. გამოგებებულმა მასპინძელმა საქმიანად შემოგვთავაზა – აბა, მირჩიეთ, იქნებ კიდე რამე საშინელება დავამატოო… მოკლედ – მარაქაში გაგვრია:).

ჩვენს დიასახლისს მეუღლე არ ყავდა, უმცროს, 15 წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობდა. დედა-შვილი, ჩვეულებრივ, ბევრს არ ურთიერთობდა ერთმანეთში – საღამოობით თავ-თავიანთ ოთახებში იყვნენ განმარტოვებული. ჰელოვინთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალა: ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, კამათობდნენ, ტანდემში წყვეტდნენ თუ როგორ მოერთოთ სახლი. ცხადი იყო, რომ ჰელოვინისთვის ეზო-კარის მორთვა საერთო-საოჯახო ღონისძიება იყო.

ჰელოვინი არა მარტო ოჯახებს, თემსაც აერთიანებდა. ჩანდა, რომ მეზობლები ეზოებს არა მარტო საკუთარი გართობისთვის, არამედ მეზობლების დასანახადაც რთავდნენ: მხოლოდ თავისთვის რომ ყოფილიყო, ამას სახლების უკანა ეზოებში გააკეთებდნენ.

ჰელოვინის ღამეს, 31 ოქტომბერს, თემის წევრები ქუჩაში გამოვიდნენ. ეს, ძირითადად, საფრთხობელების, ჩონჩხებისა და საშინელებათა ფილმების პერსონაჟების ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვები იყვნენ, ძირითადად 8 – 14 წლისა; მათ, როგორც წესი, ერთი უფროსი მაინც დაყვებოდა ხოლმე, ხშირად ისიც რიტუალის შესაბამისად გამოწყობილი.

თუ აქამდე ოჯახები, ასე ვთქვათ, სხვების “დასაფრთხობად” გამოდებნენ ხოლმე საფრთხობელებს, ჰელოვინის ღამეს ოჯახებს „თვით სიკვდილი და მისი დამქაშები“ აკითხავდნენ, კარზე უკაკუნებდნენ და ეუბნებოდნენ: ”ან მახეირე, ან გაზარალებ” (“Treat or Trick”). მასპინძლები, თავის მხრივ, დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან თავის „გამოსყიდვას“ ცოტაოდენი ფულითა თუ საჭმლით/ტკბილეულით ცდილობდნენ. რიტუალის ამ ნაწილში, ფაქტბრივად, ხდებოდა სიკვდილთან სიმბოლური გარიგება.

ამ ფაქტმა დამაინტერესა, რამდენადაც ის ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ქველმოქმედების სტილის შესახებ ჩემს წარმოდგენას, რომლის თანახმადაც იქ კარზე მიმდგარ ადამიანს იმდენად არ ეხმარებიან, უფრო პროაქტიულ ინსტიტუციურ ქველმოქმედებას ანიჭებენ უპირატესობას. გავეცანი ლიტერატურას და აღმოჩნდა, რომ ჰელოვინის ღამეს ამგვარი, „რეაქტიული“ ქველმოქმედება უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს: მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდმა 1952-დან 2006 წლამდე, რამდენიმე ქვეყანაში, ჰელოვინის ღამეს ჯამში 188 მილიონი დოლარი, ანუ წელიწადში (ერთ ღამეში) 4 მილიონ დოლარამდე, შეაგროვა.

ჰელოვინის ღამეს ჩვენი მასპინძელი ტკბილი სიროფითა და თხილში ამოვლებული ვაშლებით გაგვიმასპინძლდა. ეს ამ დღესასწაულის ტიპიური ჩაროზი ყოფილა, უაღრესად გემრიელი. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელმა ჰელოვინის დროს ვაშლით გამასპინძლება ამ ხილის სეზონურობით ახსნა, ჩემი აზრით, ეს სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს: „სიკვდილის და მისი დამქაშების“ წასვლის მერე ადამიანები ერთმანეთს სიცოცხლის (გამრავლების) სიმბოლოთი უმასპინძლდებიან და სიკვდილის უკან გაბრუნებასა და სიცოცხლის გამარჯვებას ზეიმობენ.

ყველა ამ დაკვირვებამ ჰელოვინის თაობაზე შემდეგი დასკვნების გაკეთების საშუალება მომცა: ჰელოვინის რიტუალი, ფაქტობრივად, სიკვდილის შიშის გადალახვაზეა მიმართული. ეს ხდება ოჯახისა და თემის გაერთიანება-შეკავშირების, იუმორის – როგორც დაცვის მექანიზმის ინტენსიური ამოქმედების, სიკვდილის ატრიბუტიკით მანიპულირებისა და თამაშის, და კიდე მეტი – სიკვდილთან სიმბოლური გარიგების ფონზე. ეს ყველაფერი სიკვდილის, როგორც ტაბუირებულის, სტიგმატიზებულის, უცნობის, საშიშის აღქმას არღვევეს და ადამიანს დროებით მისით მანიულირებისა და კონტროლის ილუზიას უქმნის. ამდენად, ჰელოვინი სიკვდილის შიშით გამოწვეულ ეგზისტენციურ შფოთვას აქვეითებს; მასში არაფერია „სატანური“, „ეშმაკისეული“ და ზებუნებრივი – ჰელოვინი ძალიან ადამიანური და ბუნებრივია, ისევე როგორც ბევრი სხვა მსგავსი ტრადიცია, ჩვენი ბერიკაობის ჩათვლით.

სვანეთში დატირებული პრაღის მერი და ქართული ნარკოპოლიტიკა

პრაღაში ვარ, ჩემს საყვარელ ქალაქში. ბოსტნეულის ჯიხურებში მარიხუანას ჩაი იყიდება, საბაყლოებში კანაბისის სპირტიანი ნაყენი. არც ერთზე დგას რიგი და არც მეორეზე. აჟიოტაჟი არ არის, დახლზე გამოტანილი კანაბისის პროდუქტები მშვიდად იმტვერება, ქვეყანა არ ინგრევა, არც „ერის გენოციდზე“ ლაპარაკობს ვინმე. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დეკრიმინალიზებულია – შარდის ანალიზით გამოვლენილი ინტოქსიკაციის მდგომარეობა და პირადი მოხმარების მიზნით შენახული ულუფა, ჩვენგან განსხვავებით, აღარ ხდება სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი. ეს ჩემი კოლეგების, ჩეხი ადიქტოლოგების დამსახურებაა. ადიქტოლოგია ადიქციის (დამოკიდებულების) შესახებ მეცნიერებაა.

უკანასკნელი 10 წლის მანძლზე ჩეხეთის რესპუბლიკამ კარდინალურად შეცვალა ნარკოპოლიტიკა – მოხდა კანონმდებლობისა და სტრატეგიების ლიბერალიზაცია, მოხმარების დეკრიმინალიზაცია, მარიხუანას სამედიცინო  მიზნით მოხმარების დაკანონება და ა.შ. შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის ნარკოვითარება. რეფორმის „ლოკომოტივი“ახალგაზრდა, მოტივირებული, კომპეტენტური ადიქტოლოგთა გუნდია. ხელისუფლება მათ აზრს ანგარიშს უწევს. გუნდის ხელმძღვანელი, ახალგაზრდა პროფესორი ტომაშ ზაბრანსკი, ამჟამად ჩეხეთის პრემიერმინისტრის მრჩეველია. გუნდის ზოგიერთი წევრი კი პერიოდულად თავადაა ხელისუფლებაში – მაგალითად, პაველ ბემი; ეს მათ ქვეყნისს სასიკეთოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ლობირებაში ეხმარება.

პაველ ბემი 2010 წელს გავიცანი, ჩარლზის უნივერსიტეტში. იმ დროისათვის პრაღის მერი იყო. მოვიდა ქართველი ადიქტოლოგების დელეგაციისთვის ნარკოპოლიტიკაზე ლექციის წასაკითხად. საუბრისას ვერ მალავდა, თუ როგორ ეამაყებოდა ჩეხეთში განხორციელებული ცვლილებები. პატარა ტანის, ხმელ-ხმელი, დაკუნთული, ხავერდოვანი ჩახლეჩილი ხმით, ზღარბივით ხშირი და უხეში მოკლედ შეკრეჭილი ხორბლისფერი თმით, ბემი სანდომიანი და კომპეტენტური მოსაუბრე აღმოჩნდა. ორი წლის მერე, 2012-ის გაზაფხულზე, თბილისში ადიქტოლოგიურ კონფერენციას რომ ვგეგმავდით, საკვანძო მომხსენებლად სწორედ ის დავპატიჟეთ. მაგ დროისთვის უკვე ჩეხეთის პარლამენტის წევრი იყო, უზომოდ დაკავებული, მაგრამ თავპატიჟის გარეშე დაგვთანხმდა.

კონფერენციაზე  მიზნად ვისახავდით ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისათვის სამეცნიერო მტკიცებულებებით დაგვესაბუთებინა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაციის აუცილებლობა და გარდუვალობა; დაგვენახვებინა, თუ რამდენად არაეფექტური, დესტრუქციული და ადამიანის უფლებების შემლახველია ქუჩის ნარკოტესტირება და ზოგადად – დამსჯელობითი ნარკოპოლიტიკა.

პრეზენტაციისას ბემმა ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესი მწვერვალზე ასვლას შეადარა, და უშბასა და შხარას ფოტოები მოიშველია. გავიფიქრე – როგორ მომზადებულა, თანაც, რა მეტაფორულად აზროვნებს, ყოჩაღ, ჩვენებს მხოლოდ უშბათი და შხარათი თუ დაარწმუნებ, თორემ ლოგიკური არგუმენტები უკვე გაცვდა და აღარ გვისმენენ.

საღამოს ჩემს კოლეგასა და მეგობარ დათო ოთიაშვილთან ერთად, მადლიერების ნიშნად, ბემი რესტორანში წავიყვანეთ. მან – ნუ მიხდით მადლობებს, საქართველოს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია, მეკუთვნის აქ საქმის კეთებაო. სამი საკვანძო ეგზისტენციალური გამოცდილებიდან – პირველი სიყვარული, სიკვდილი და დაბადება -სამივე საქართველოში მაქვს განცდილიო. თანაც, სვანეთში ოჯახი მყავს – მამობილი, დედობილი და ძმადნაფიცები; ისეთი ამბავი გვაქვს ერთად გამოვლილი, მაგათზე ახლობელი არავინ მეგულება, თუმცა, რაც პოლიტიკური კარიერა დავიწყე, წლებია, ვეღარ მოვინახულეო.

თურმე, 90-იანებში, პაველი საქარველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა მთაში სასიარულოდ; უშბაზეც არის ნამყოფი და შხარაზეც. უშბიდან რომ ეშვებოდნენ (სამ სვან ძმადნაფიცთან ერთად), ამინდი შეიცვალა და ისეთი სირთულეები შეხვდათ, რომ რაღაც მომენტში გადარჩენის იმედი დაუკარგიათ. მაინც მოახერხეს ჩამოსვლა – ეხლაც არ ვიცი, როგორ ჩამოვედით, ალბათ ღმერთმა გვიშველაო.  უშბიდან ჩამოსულები, სოფლის ცენტრს რომ მიუახლოვდნენ, დაინახეს, რომ ხალხი გარეთ იყო გამოფენილი და ვიღაცას გლოვობდა, სვანური დატირებით. „ძალიან შევშფოთდით – ვიფიქრეთ, სანამ წასულები ვიყავით, ვიღაც დაიღუპა… რომ მივუახლოვდით თვალით დასანახ მანძილზე, უეცრად სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. მერე, ხალხმა იხუვლა – ცოცხლები ყოფილანო, შემოგვესია, ხელებით გვსინჯავდა, ტირილითა და სიცილით გულში გვიკრავდა… ჩვენ დაგვტიროდნენ, ეგონათ დავიღუპეთ… ხოდა, ასე დავესწარი ჩემს საკუთარ გასვენებას და ფაქტობრივად, ხელმეორედ დავიბადე“.

იმ ღამეს ბემი პრაღაში გადაფრინდა. კონფერენციის მეორე დღე  ჩვენ ძალიან დატვირთული გვქონდა. შუადღეზე დათოს მისი ორგანიზაციის, „ალტერნატივა-ჯორჯიას“ თანამშრომელმა დაურეკა: ოფისში სვანები მოვიდნენ, პაველ ბემის ნახვას ითხოვენ – გუშინ ტელევიზიით შევიტყვეთ, „ალტერნატივა ჯორჯია“ მასპინძლობსო (იმ დღეს პაველს ბევრი ინტერვიუ ჩამოართვეს); გავიგეთ მისამართი, მის სანახავად ჩამოვედით, სანამ არ შეგვახვედრებთ, არ წავალთო… დათო ესაუბრა ტელეფონით, დაარწმუნა, რომ ბემი უკვე წასული იყო; გამოართვა კოორდინატები და მტკიცედ დაპირდა, რომ შემდეგ ჯერზე აუცილებლად შეახვედრებდა.

შემდეგ წელს პაველი თავად ჩამოვიდა საქართველოში, მეუღლესთან ერთად, დაიქირავა მანქანა, მიუჯდა საჭეს და წავიდა სვანეთში. უკანა გზაზე კვლავ ადიქტოლოგიის საზაფხულო სკოლაში (ახლა უკვე კაჭრეთში) შემოგვიარა-გვინახულა. ძალიან კმაყოფილი იყო – მამობილიც ვნახე, დედობილიც, ძმადნაფიცებიც და ახლა აღარასოდეს დავკარგავთ ერთმანეთსო…

ასე რომ, არც პაველ ბემის მიერ ჩვენს ქვეყანაში ეგზისტენციალური გამოცდილების მიღების ამბავი დასრულებულა და არც საქართველოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა. ამასობაში, მოახლოვდა არჩევნები, და როგორც ოთხი წლის წინ, გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან კვლავ მიდის საუბარი მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე. განახორციელებენ კი ამას ისინი, ვინც ხელისუფლებაში მოვლენ?. და თუ განახორციელებენ, ეყოფათ კი სიბრძნე, რომ სრულფასოვანი რეფორმა განახორციელონ და არა ცვლილებათა იმიტაცია, როგორც აქამდე ხდება?..